English / ქართული / русский /
თეიმურაზ შენგელია
უმაღლესი განათლების სისტემის სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობა

ანოტაცია.  უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტებში ბაზრის მოთხოვნის დადგენის საკითხი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას. ცხადია ისიც, რომ ამ საფუძველზე უნდა იგებოდეს ქვეყნის განათლების სტრატეგია. ცივილიზებული სამყაროს მიდგომა ეფუძნება განათლების სისტემის აგებაში მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო პრინციპების იმპლემენტაციის საკითხს. ამ მხრივ გამონაკლის არ წარმოადგენს საქართველოც.  აღნიშნული პრობლემის შესწავლას, მის საფუძვლიან ანალიზს მიეძღვნა   არაერთი მნიშვ­ნე­ლოვანი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევა. ისინი წარიმართა რამდენიმე მიმარ­თუ­ლებით: სამუშაო ძალის ბაზარზე კვალიფიცირებული ადამიანური რესურსების მიწოდებისა და ამ რესურსებზე მოთხოვნის დაბალანსება; უმაღლესი განათ­ლე­ბის კურსდამთავრებულთა კომპეტენციებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობის მიღწევა; უმაღლესი განათლების როლის ზრდა სოციალური მობილობისა უზრუნველყოფის პროცესში.

უმაღლესი განათლების სპეციალისტების მიწოდებისა და  სამუშაო ძალის ბაზრის მოთ­ხოვნების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზის შედეგების გამოყენება და ამ საფუძველზე  არგუმენტირებული  რეკომენდაციების შემუშავება,  მნიშვნელოვანია   უმაღლესი განათლების სფეროში სწორი სახელმწიფო პოლიტიკის   რეგულირების პროცესში.

საკვანძო სიტყვები:  განათლების სტრატეგია, უმაღლესი განათლება,  სამუშაო ძალის ბაზა­რი, რეგულირება, სახელმწიფო პოლიტიკა. 

შესავალი 

ცოდნის ეკონომიკის ეპოქაში უმაღლესი განათლება მსოფლიო განვითარებისა და კონკურენციის მამოძრავებელი ძალა გახდა.  სწავლების, კვლევისა და ინოვაციების დანერგვის გზით ის ხელს უწყობს ახალი ცოდნის მარაგის შექმნას და სამუშაო ძალის კომპეტენციების მუდმივ განვითარებას, რაც შესაბამისად  აისახება ქვეყნების  ეკონომიკურ  ზრდაში   (Sursock and Smidt, 2023).  ამ არგუმენტებიდან გამომდინარე უკანასკნელი ათწლეულების განმავლო­ბაში მსოფლიოს ქვეყნებში უმაღლესი განათლების სისტემა ფარ­თოვ­დება, ხოლო კვალიფიცირე­ბული სპეციალისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. მაგალითად, 2012-2022 წლებში ევროპის უმაღლესი განათლების სისტე­მაში სტუდენტთა რაოდენობა საშუალოდ 36%-ით გაიზარდა, ხოლო მათი წლიური ზრდა 2,9 პროცენტს აღწევს, რაც წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია (ILO, 2023). უმაღლესი განათლების სისტემის გაფართოების ეს ტენდენცია ეფუძნება არგუმენტს, რომლის მიხედვითაც განათლების სისტემის სრულყოფა ნიშნავს საზოგადოების როგორც  სოციალურ (სტაბილურობისა და კეთილდღეობის მაჩვე­ნებლების ზრდა), ასევე ეკონომიკურ (შემოსავლებისა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდა, ადამიანური კაპი­ტალის განვითარება)  განვითარებას  (Machin and McNally, 2022). 

უმაღლესი განათლების სისტემის უკუგების და მისი სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობის დადგენა დღეისათვის მისი ეფექტიანობის შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს.  უკანასკნელ წლებში სამუშაო ძალის ბაზრისა და უმაღლესი განათლების თავსებადობის  პრობლემას მრავალი მნიშვნელოვანი  კვლევა მიეძღვნა.  ამ მხრივ საინტერესოა  იუნესკოს გლობალური მონიტო­რინ­გის ანგარიში (UNESCO, 2022). სამეც­ნიერო ლიტერატურის ზოგადი ანალიზიდან  ჩანს, რომ სამუშაო ძალის ბაზრისა და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების ტენდენციების კოორდინაციის პროცესი  მიმდინარეობს სამი სტრატეგიული მიმართულებით:

პირველი — სამუშაო ძალის ბაზარზე ადამიანური რესურსის მიწოდებისა და ამ რესურსზე მოთხოვნის ბალანსის უზრუნველყოფა. მოთხოვნა-მიწოდების პრინციპის ეკონომიკური  ლოგიკიდან გამომდინარე, კურსდამთავრებულთა რაოდენობის ზრდა, სხვა  თანაბარ  პირობებში, მათი ხელფასის კლებას უნდა იწვევდეს, რადგან  ბაზარზე იზრდება შესაბამისი კვალიფიკაციის სამუშაო ძალის მიწოდება, რაც ამცირებს მის ფასს, თუმცა  ეს მარტივი მიზეზ-შედეგობრივი  კავშირი სოციალურ სფეროში ყოველთვის არ მუშაობს.  თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური თეორიების მიხედვით, უმაღლესი განათლების სისტემა არა მხოლოდ რეაგირებს ბაზარზე მოთხოვნების ცვალებადობაზე, არამედ თავადაც შეუძლია გამოიწვიოს კურსდამთავრებულებზე მოთხოვნის ზრდა  (Machin and McNally, 2022). შესაბამისად,  ამ მიმართულებით სიტუაციის მუდმივი ანალიზი, სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის მიღწევა და სწორი სტრატეგიის განსაზღვრა, უმაღლესი განათლების პოლიტიკის უმნიშვნე­ლო­ვანესი პრობლემაა.

მეორე მიმართულება მდგომარეობს უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა კომპე­ტენ­ციების, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევაში. მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქ­ტუ­რული ცვლილებები ქვეყნების განათლების სფეროს წინაშე აყენებს ახალ გამოწვევებს, რადგანაც სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი საჭიროებს შესაბამისი უნარების განვითარებას. სამუშაო ძალის ბაზრის დინამიკაში უნდა აისახოს არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნა, არამედ არსებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილე­ბა­ც (European Centre for the Development of Vocational Training, 2021).   

მესამე მიმართულება,  სოციალური მობილობისა და სოციალური თანასწორობის უზრუნ­ველყოფის თვალსაზრისით, აისახება უმაღლესი განათლების როლის ზრდაში.  ემპირიული კვლევების მიხედვით დამტკიცებულია, რომ უმაღლესი განათლების სრულყოფა უფრო მაღალი ანაზღაურებისა და დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის საწინდარს წარმოადგენს. 

პრაქტიკული თვალსაზრისით უმაღლესი განათლების სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან ხარისხობრივი და რაოდენობრივი თანხვედრის დასადგენად გამოიყე­ნება ორი ძირითადი მაჩვენებელი:

-  განათლების უკუგება;

-   განათლების დონეთა მიხედვით ფარდობითი სარგებელი.

უმაღლესი განათლების უკუგება (ამონაგები უმაღლეს განათლებაზე გაწეული ინვესტიციებიდან) წარმოადგენს განათლებაზე გაწეული (საზო­გა­დოებრივი და კერძო) დანახარჯებისა და განათლებიდან მიღებული   ფინანსური სარგებლის ურთიერთმიმართებას. განასხვავებენ კერძო და საზოგადოებრივ  უკუგებას.  კერძო უკუგება  კერძო სექტორის მიერ უმაღლეს განათლებაზე გაწეული დანა­ხარჯებისა და მიღებული სარგებლის (გადასახადების დაფარვის შემდეგ) თანაფარდობაა. საზოგადოებრივი უკუგება წარმოადგენს სახელმწიფოს   მიერ უმაღლეს განათლებაზე გაწეული ხარჯების შეფარდებას დასაქმები­დან მიღებულ შემოსავლებთან.

უმაღლესი განათლების ფარდობითი სარგებელის გამოსაანგარიშებლად ადარებენ უმაღლესი განათლების მქონე პირთა შემოსავლებს  და  დასაქმების  შესაძლებლობებს . 

ევროპის მასშტაბით უმაღლესი განათლების უკუგებისა და ფარდობითი სარგებლის ანალიზიდან გამომდინარე  შესაძლებელია განათლების ეფექტიანობის შესახებ   რამდენიმე  მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება :

-  ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიწოდების პარალელურად უმაღლეს განათლებაზე მოთხოვნაც გაიზარდა. უფრო მეტიც, ბევრ ქვეყა­ნაში უმაღლესი განათლების მოთხოვნა   აჭარბებს მიწოდებას.

ეუთოს (OECD, 2022) კვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნებში უმაღლესი განათლების მქონე პირების დასაქმებიდან შემოსავალი 55%-ით მეტია საშუალო განათლების მქონე პირებთან შედარებით. ეს განსხვავება იზრდება ასაკთან ერთად. 25-34 ასაკობრივ ჯგუფში განსხვავება 37%-ს, 55-64 ასაკობრივ ჯგუფში კი — 69%-ს შეადგენს. 

-  Covid 19-ის პანდემიის ფონზე განვითარებული ეკონომიკური რეცესიის  შედეგად  მსოფლიოს ქვეყნებში კლებულობს სამუშაო ადგილების რაოდენობა. განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის მაჩვენებლები ახალგაზრდა თაობაში.

უმუშევრობის მაჩვენებლების ზრდა და ახალგაზრდათა უმუშევრობის დაძლევის პრობლემა   მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. 42 წლის ასაკის ადამიანებისთვის  ერთი წლის უმუშევრობა შემოსავლების 21%-ით შემცირებას  იწვევს  (ILO, 2023).   ეუთოს  კვლევევების  მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ევრო­პაში ახალგაზრდა თაობის უმუშევრობის მაჩვენებლები ასაკოვან მოსახ­ლეო­ბასთან შედარებით ორჯერ მაღალია. 2022 წლის ნოემბრის მონაცე­მებით ევროკავშირში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 21%-ს შეადგენს   (OECD, 2022). 

- უმაღლესი განათლების პოტენციურად დიდი ეფექტიანობის მიუხედავად, ის საზოგა­დოებაში არსებული სოციალური უთანასწორობის გამოთანაბრების  ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს. 

კვლევებით დასტურდება, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან ძლიერი, კორელაციური უკავშირია განათლებასა და მიღწეულ სოციალურ სტატუსს შორის (Bussi M. 2022). მაგალითად, განათლების დონე დასაქმებულის სტატუსის დასადგენად ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ განათლება გადამჭრელ როლს ასრულებს სოციალური მობილობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.  გამოკვლევებით დადგინდა, რომ სოციალური მობილობის მაჩვე­ნებელი ყველაზე დაბალია თურქეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში (Triventi, 2023).

საქართველოში უმაღლესი განათლებისა და სამუშაო ძალის ბაზრის ურთიერთ­მიმართების საკითხი ბოლომდე შეუსწავლელ პრობლემად რჩება, შესაბამისად მწირია კვლევები ამ სფეროში. ამ დეფიციტს პირველ რიგში განაპირობებს ის, რომ ეროვნულ დონეზე არ არსებობს სისტემური მიდგომა შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ანალიზისათვის. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით შეუძლებელია უმაღლესი განათ­ლების უკუგებისა და ფარდობითი სარგებლის გამოანგარიშება. 

მიუხე­დავად ამისა, საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც დაგ­როვდა  ემპირიული მასალა შრომის ბაზრისა და უმაღლესი განათლების ურთიერთმიმართების ზოგადი ანალიზისათვის. ინფორმაცია, ძირითადად, 2010-2021 წლების განმავლობაში საქართველოში ტემპუსის პროგრამის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებს (განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, 2022)  ეყრდნობა. ამ კვლევების შედეგი იძლევა რამდენიმე ზოგადი დასკვ­ნის გაკეთების შესაძლებლობას: 

-  2022  წლის მონაცემებით, უმაღლესი განათლება საქართველოში შემოსავ­ლებისა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდის მნიშვნელოვან განმაპი­რობებელ ფაქტორს წარმოადგენს. ეს გამოიხატება იმით, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა საშუალო შემოსავალი ზოგადი განათლების მქონე პირთა საშუალო შემოსავალზე თითქმის  3-ჯერ უფრო მაღალია;  უმაღლესი განათლების მქონე პირთა დასაქმების შანსები, საშუალო განათლების მქონე პირებთან შედა­რებით 2-ჯერ გაიზარდა.

-  უმაღლესი აკადემიური განათლების უკუგების შემდგომი ზრდისთვის შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენს უმაღლესი განათლების მქონე პირთა კომპე­ტენციების ბაზრის მოთხოვნებთან ნაკლები თავსებადობა. კერძოდ, საქართველოში უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე დასაქმებულ პირთა შორის, სპეციალობით მხოლოდ 40% მუშაობს, რაც   ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი განათლების მქონე პირთა მხოლოდ მეოთხედია.   

-   უმაღლესი განათლება საზოგადოებაში არსებული სოციალური უთა­ნას­წორობის გამოთანაბრების პოტენციურად ეფექტიანი ინსტრუმენტია, თუმცა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა დღეისათვის კვლავ შეზღუდულია. სოციალურად ღარიბი მოსახლეობის ჯგუფში უმაღლეს განათლებაში ჩართულობის მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს, ხოლო  შედარებით მდიდარი მოსახლეობის ჯგუფში — 38%-ს. 

უმაღლესი განათლების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

უმაღლესი განათლების უკუგებისა და ფარდობითი სარგებლის ზრდის მსოფ­ლიო ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოში მიზანშეწონილია უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების ზრდა, რადგან საერთაშაორისო კვლევების თანახმად, უმაღლესი განათლების დაფინანსების ზრდა იწვევს დასაქმებისა და   შემოსავლების მაჩვენებლების გაუმჯობესებას. 

უმაღლეს განათლებაზე ხარჯების რაციონალიზაციისათვის მნიშვნელო­ვანია, რომ უმაღლესი განათლების სუბსიდირებისას გათვალისწინებული იქნეს რეალური უკუგების მაჩვენებლები აკადემიური მიმართულებების მიხედვით. 

აუცილებელია სახელმწიფოში მოწესრიგდეს უმაღლესი განათლების უკუგების მაჩვენებლების შეგროვებისა და გაანგარიშების პრაქტიკა. ამ მიმართუ­ლებით მდგომარეობის გაუმჯობე­სებისათვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: დასაქმების, განათლების საფეხურებისა და კლასიფიკაციის არსებული მოდელის  სრულყოფა იუნესკოს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მოთხოვნათა მიხედვით. 

დასკვნა 

წინამდებარე  გამოკვლევაში ჩვენ მიერ გაანალიზებულია სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად უმაღლესი განათლების  რეორგანიზაციის შესაძლებლობანი.  ნაშრომში   შესწავლილია ის ზოგადი ტენდენციები, რომლითაც ხასიათდება განათ­ლების და სამუშაო ძალის თავსებადობა ევროპასა და საქართველოში.

უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების ტენდენციების კოორდინაციის  მიზნით ნაშრომში გაანალიზებულია: 

სამუშაო ძალის ბაზარზე ადამიანური რესურსის მიწოდებისა და ამ რესურსზე მოთხოვნის ბალანსის უზრუნველყოფა;  უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა კომპე­ტენ­ციების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და უმაღლესი განათლების როლი სოციალური მობილობისა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფაში.  

განათლების უკუგებისა და განათლების დონეების მიხედვით ფარდობითი სარ­გებლის მაჩვენებლების ანალიზმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ შეგვემუშავე­ბინა ის რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განათლების სფეროში  ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკას. 

ლიტერატურა

  1. Bussi M. 2022. Quality Education for Quality jobs. European Trade Union Confederation (ETUC)
  2.  European Centre for the Development of Vocational Training, 2021.
  3. ILO. 2023. The youth employment crisis: A call for action. Resolution and conclusions of the 101st Sesion of the International Labour Conference, Geneva, 2012
  4. Machin S. and McNally S. (2022). Tertiary Education Sistems and labour markets. OECD
  5. OECD. 2022. Policy Brief on Youth Entrepreneurship:Entrepreneurial Activities in Europe
  6. Sursock  A. and Smidt H. (2023). Trends 2023: a decade of change in European Higher Education. EUA Publications
  7.  Shengelia T. (2017). The role of state regulation of investment in the Georgia business development. International business in the world economic system.
  8. Shengelia T. (2017) Interpersonal and Organizational Trast, as Factor of Social Capital, and its Influence on the Motivation of  intrrnational Company Employess.   Journal EcoForum, Volume 6, Issue 2
  9. Shengelia T. (2017). Determination of correlative relations between social capital, trust and motivation in the international company. 6th Business & Management Conference, Geneva.
  10.  Shengelia T. (2017). Generation of Knowledge Into Conception of Cultural Pragmatizm and its Influence on International Business. Ecoforum Journal. Volume 5, Issue 2
  11.  T Shengelia, K Berishvili, K Jganjgava.(2021) Anti-crisis strategy caused by uncertainty of the small businesses under the COVID-19 pandemic. Sciences of Europe. Issue 81-2
  12. T Shengelia, K Berishvili (2020). Methodology of sicial entrepreneurship researrch and its influence on countries with small economy.    International Journal of Social and Humanities Sciences 4 (3), 181-190
  13.  Shengelia, Berishvili Kh, K Jganjgava (2022). Improving the methodology of measuring social capital in international companies  ( 2022).   Sciences of Europe.Issue 97, Pages 15-18.
  14. T Shengelia, K Berishvili, K Jganjgava. (2022) AntiiCrisis strategy caused by uncertainty of small business under the Covid 19 pandemyc.  Sciences of Europe, Issue 95
  15. Triventi M. 2023. The role of Higher education stratification in the reproduction of social inequality in the labour market. University o Milan-Bicocca. 
  16. 16.  UNESCO (2022). EFA global monitoring report. Youth and Skils: Putting education to work.